ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება მათ რამდენიმე პირობას დათანხმდება, მზად არის, პარლამენტში შევიდეს. მის პირობებს შორის არ არის რიგგარეშე არჩევნები.
"შესაძლოა მეხუთე რაუნდის გარეშეც, მაგრამ ელჩების თანდასწრებით, თუ ქართული ოცნება ხელს მოაწერს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის პოლიტპატიმრები, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ელექტრონული არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, რომ შევიდეთ პარლამენტში". - თქვა ელისაშვილმა მეგრელიშვილისა და ხვიჩიას გირჩთან შეხვედრის დაწყებამდე, სადაც ქართული ოცნებისთვის სწორედ ამ შეთავაზების გაკეთების საკითხი უნდა განიხილონ.
ელისაშვილისვე თქმით, თუ ოპოზიცია თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამური ხმებით ქართულ ოცნებას აჯობებს, მისთვის მისაღებია, ეს შეფასდეს, როგორც პლებისციტი.
"ეს არის არაჩვეულებრივი იდეა". - თქვა მან.
თვითმმართველობის არჩევნებს გაუსვა ხაზი გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.ელისაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე მან თქვა, რომ ოპოზიციამ ახალი არჩევნები უნდა მოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოიგებენ თვითმმართველობის არჩევნებს.
"მე მგონი, ძალიან გასაგები და ბუნებრივი პირობებია. იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი წავიდა, საარჩევნო კოდექსი გასწორდა და ქართულმა ოცნებამ მაინც მოიგო არჩევნები, დიახ, მათ უფლება აქვთ, შემდეგი 4 წელი მართონ ქვეყანა. თუ ასე მოხდა, ჩვენს მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნებან დაკავშირებით ისედაც არანაირი შინაარსი არ გააჩნია". - თქვა იაგო ხვიჩიამ.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და სისტემის რეფორმა. ოპოზიციამ მმართველ გუნდს პლებისციტიც შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებდა ამომრჩევლისთვის კითხვის დასმას იმაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობას განიხილავს.
2020 წლის 11 დეკემბერს X მოწვევის პარლამენტი მხოლოდ 1 პარტიით შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში შევიდა 4 დეპუტატი, რომლებიც საკნანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდნენ, შემდეგ კი სხვა პარტია, ევროპული სოციალისტები ჩამოაყალიბეს.
რაც შეეხება გირჩის ერთ განაყოფს და მოქალაქეებს - როგორც ამბობენ, მათთვის რიგგარეშე არჩევნები საკვანძო საკითხი არ არის და პარლამენტში სხვა მოთხოვნებზე პირობის მიღების შემთხვევაშიც შევლენ.